კორანივირუსის ეპიდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეკონომიკას მნიშნველოვანი ზიანი მიადგა. ამას მოწმობს მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება. შექმნილი ვითარების ფონზე ბევრმა კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა მთლიანად შეწყვიტა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი უმუშევარი დარჩა. შესაბამისად, უმუშევრობის მატებასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი თუ რამდენად შეძლებს მოსახლეობა თავიანთი საბანკო ვალდებულებების გადახდას. სწორედ ამ მიზნით კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობისთვის სესხების გადავადების გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე მიიღეს, თუმცა ჩნდება კითხვა, მოხდება თუ არა სასესხო არდადეგების კიდევ უფრო გახანგძლივება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით დღესდღეობით კომერციული ბანკები საქართველოში ფინანსურად მდგრადები არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს სესხების რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილება მიიღონ. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რესტრუქტურიზაციისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტებითაც დაეხმარება.