გამოძიება დონბასის თავზე მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში 4 ეჭვმიტანილს დღეს დაასახელებს. ჰოლანდიაში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციაა დანიშნული, რომელზეც გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი დაასახელებს ეჭვმიტანილებს და სავარაუდოდ ოფიციალურად წაუყენებს მათ ბრალდებებს. ამ ცნობას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ "მალაიზიის ავიახაზების" "ბოინგი777" რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა. თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული რაიონების თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 80 ბავშვი იყო.
გამოძიების ვერსიით, თვითმფრინავი პრორუსმა სეპარატისტებმა რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.