გამოკითხულთა 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს, 55%-მა კი სტუმრად სიარული შეწყვიტა - ამის შესახებ, „ეისითის“ კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2020 წელს პანდემიის პირობებში, თბილისელების ქცევა სხვადასხვა აქტივობების კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა. 2020 წლის 11-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს 56% აღარ ეპატიჟება.
რაც შეეხება დაბადების დღეებსა და პანაშვიდებზე სიარულს, 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას.
ცნობისთვის, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.