განათლების სამინისტროს, კერძო სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, საქართველოში დუალური განათლების რეფორმის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, დუალური პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტზე, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები არ ვრცელდება, განსხვავებით გერმანული მოდელისგან, რომელიც პროფესიული განათლების სტუდენტს განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს რეფორმისთვის საჭირო სხვა რელევანტური საკითხებიც. მათ შორის: კერძო სექტორის ჩართულობა, პროფესიული სტუდენტის ანაზღაურების მექანიზმები, სტუდენტებისთვის და კომპანიებისთვის საკანონმდებლო გარანტიები. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე საუბრობს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას თქმით, პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლები, უმეტეს შემთხვევაში, დამოუკიდებლად ადგენენ სასწავლო პროგრამას, რაც აცდენილია შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ დუალური სისტემა მხოლოდ განათლების სფეროს რეფორმით ვერ მიიღწევა და აუცილებელია ბიზნესთან კოორდინირებული მუშაობა. ამასთან, სამინისტრომ წელს ახალი ინიციატივა წამოიწყო, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სისტემის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი, თუ ამ სისტემაში ჩაერთვებიან დამსაქმებლები, განათლების სამინისტრო კომპანიებს, კადრების გადამზადებისთვის გაღებულ ხარჯებს დაუფინანსებს.