გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და მას უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უწოდა, რომლითაც ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ასევე ისაუბრა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, რომლის ნორმატივები მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში სამინისტროს, პარლამენტის, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთვორობო სექტორის ერთობლივი თანამშრმოლობის შედეგია ის უმნიშვნელოვანესი კანონები, რომლებიც იქნა მიღებული და რეფორმები, რომელიც განხორციელდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონპროექტის ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა ევროპული პრინციპების შესაბამისად განხორციელდება. მინისტრი ასევე შეეხო ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოება-დაარსების საკითხებს და სხვა არაერთ გარემოსდაცვით საკანონმდებლო რეფორმასა და ინიციატივას, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.