პავიანის ახლო ნათესავი, ქორდიანების ტიპის ძუძუმწოვარა გელადა ანთარისებრთა ოჯახიდან, პრიმატების იშვიათი და განსაკუთრებული სახეობაა, რადგან უძლიერესი ვოკალის და ორიგინალური ლაქის მფლობელია, რომელიც ყელსაბამივით ამშვენებს გულზე. მამრი გელადა, რომლის სიმაღლე 50-75 სანტიმეტრს შეადგენს, საშუალოდ 20 კილოგრამს იწონის და საგრძნობლად აღემატება მდედრს, რომელიც მოკრძალებული 14 კილოგრამის მიუხედავად, მაინც არაფერს უთმობს გაბარიტულ პარტნიორს. ცხოველს მსხვილი, ბოლოში ფუნჯით დამშვენებული კუდი აქვს, რომლის სიგრძე ტანისას უტოლდება, მოყავისფრო-ბეჟი ან ნაცრისფერი ხშირი და მკვრივი ბეწვის საფარი კი, მართალია ზურგზე მუქი, გავაზე კი, შედარებით ღია ფერისაა, თუმცა მუცელზე მეტწილად მაინც თეთრადაა შეფერილი. აღსანიშნავია, რომ მამრს სახეზე ხშირი ბეწვის "ბაკენბარდები", მხრებსა და თავზე კი, შთამბეჭდავი ფაფარი ეზრდება, რომელიც რიტუალურ ბრძოლაში ჩაბმულს, ყოველთვის საიმედოდ იცავს კონკურენტის ბასრი კბილებისგან, ერთგვარ ბეწვის "წინსაფარს" კი, რომელიც ტანის წინა ნაწილს უფარავს, მეტწილად ქალბატონების მოსახიბლად, მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს.