გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის ფარგლებში ტარდება და მას არ ესწრებიან კანდიდატები. კანდიდატები პროკურატურის ეზოში მანქანებით შევიდნენ, მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო, სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის, წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს. სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრები ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.