რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში პეტრიაშვილმა პოლონელ რობერტ ბარანს 11:0 სძლია და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან გადამწყვეტ ბრძოლამდე ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (10:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (7:2) დაამარცხა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ლომთაძე (61 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.