გერმანიაში კიდევ ერთი ბირთვული სადგური გაჩერდა - კომპანია EnBW-მ „ფილიპსბურგ 2“ გამორთო. სადგურის გათიშვა 31 დეკემბერს განხორციელდა. ამგვარად, ქვეყანაში მხოლოდ ექვსი მოქმედი ბირთვული რეაქტორი დარჩა, რომლებიც მუშაობას ორი წლის განმავლობაში შეწყვეტენ.
გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 17 ბირთვული რეაქტორის გაჩერება 2011 წელს, ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გადაწყვიტა. მაშინ ცუნამიმ სანაპიროზე მდგარი რეაქტორი დატბორა და მისი სარეზერვო გენერატორები გათიშა, რამაც გარემოს რადიაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
სადგურის გამორთვის შემდეგ, „ფილიპსბურგ 2-ის“ ორი გასაგრილებელი კოშკი თანდათან გაჩერდება, რის შემდეგაც დაიწყება სადგურის დაშლა, რასაც 10-15 წელი დასჭირდება. მახლობლად მდებარე „ფილიპსბურგ 1“ 2011 წელს გამოირთო და მისი დაშლა აქამდე არ დასრულებულა. წინასწარი შეფასებით, კომპანია EnBW-ს სადგურის დაშლა 7 მილიარდ 500 მილიონი ევრო დაუჯდება.