გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების მიუხედავად, მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევს. მაასის განცხადებით, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნება საჭიროა საერთაშორისო კონფლიქტების დასარეგულირებლად. „მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადამიანია დამოკიდებული იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იზრუნოს ამ კონფლიქტების დარეგულირებაზე, მათ შორის რუსეთთან დიალოგის გზით. რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში ახალი გაყინული ეპოქით არ შეიძლება ვინმე იყოს დაინტერესებული“,- აღნიშნა ჰეიკო მაასმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში. მან ხაზი გაუსვა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად, რაც ევროპის მხრიდან სწრაფ და მკაფიო პასუხს მოითხოვს. „სამწუხაროდ, გერმანიას მოსკოვთან სხვა კონფლიქტური საკითხებიც აქვს. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან რთული რჩება“, - განმარტა მაასმა.