საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.გიორგი გახარიამ და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.