ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ გუშინ გამოქვეყნებული დასკვნა არასრულია. მისი თქმით, იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და მათთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება. „ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული,“ - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ. როგორც გიორგი ტატუნაშვილმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მას ჰქონდა საშუალება, რომ ერთმანეთისთვის შეედარებინა რუსული და დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნები. მისი თქმით, რუსულ ექსპერტიზის დასკვნაში წამებასა და მოტეხილობაზე არაფერი წერია.