კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიო ეკონომია რეცესიის ზღვარზეა. პანდემია უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნაწილი კი იძულებულია დროებით შეაჩეროს ოპერაციები, შესაბამისად, ბევრი ადამიანი გაუშვას არაანაზღაურებად შვებულებაში. ზოგადად, პანდემიის დროს პირველ რიგში ზარალდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც დაკავებულები არიან სასტუმრო, გასართობი ბიზნესით და ეწევიან მგზავრთა გადაყვანას.
იმ ცნობილ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი თანამშრომლები უხელფასო შვებულებებში გაეშვათ, არის სასტუმროების ქსელი Marriott International-ი, რომელმაც უხელფასო შვებულებაში ათობით ათასი თანამშრომელი გაუშვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ამასთან, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ყველა პირი 50%-ით შემცირებულ ხელფასს მიიღებს.
Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასტუმროების ქსელიდან მინიმუმ 200 თანამშრომელი გაათავისუფლეს. კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიათა ქსელმა Sephora-მ ამერიკაში 3 ათასამდე თანამშრომელი დროებით შვებულებაში გაუშვა. გარდა ამისა, გამოცემის დასაქმებულების 12%, დახლოებით 200 ადამიანი უხელფასო შვებულებაში გაუშვა აუქციონის სახლმა - Sotheby's.