„გოგონა დრაკონის ტატუთი“ - ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებით შექმნილმა ფილმმა „გოგონა დრაკონის ტატუთი“, რომელზეც ტრილერების ოსტატად ცნობილმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა იმუშავა, „ოსკარის“ და "სატურნის" პრემიებთან ერთად ამერიკელი კრიტიკოსების სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.
მართალია, ტატუებით მოხატული გოგონა ერთი პერსონაჟია, მაგრამ მისი სამი ვერსია არსებობს - სტიგ ლარსონის რომანის გმირი, ნილს არდენ ოპლევის ტრილერის და დევიდ ფინჩერის რიმეიქის პერსონაჟი. აღსანიშნავია, რომ რომანის და შვედური ფილმის სათაურში საერთოდ არაა მოხსენიებული გოგონა, რადგან ორივეს "ქალთმოძულე მამაკაცები" ჰქვია, თუმცა ლისბეტ სალანდერმა მოურიდებლად ჩააჩოჩა ძლიერი სქესის წარმომადგენლები და თამამად გადაინაცვლა წინა პლანზე. შვედური და ჰოლივუდური ფილმები პრაქტიკულად იდენტურია, თუმცა შვედურს ორი სიქველი აქვს, ჰოლივუდურს კი, ერთი და ნაკლებად წარმატებული.
სტიგ ლარსონი დეტექტიური ისტორიების მთელი სერიის შექმნას გეგმავდა ლისბეტ სალანდერისა და მიქაელ ბლუმკვისტის მონაწილეობით, თუმცა მხოლოდ სამი რომანის დაწერა მოასწრო, რადგან 2004 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. "მილენიუმის" სახელით გაერთიანებულმა ტრილოგიამ, რომელიც სწრაფად იქცა ბესტსელერად, კინემატოგრაფისტების ყურადღება დაიმსახურა. შვედმა რეჟისორმა ნილს ოპლევმა ლარსონის სამივე რომანის ეკრანიზაცია განახორციელა და მართალია, პირველმა ფილმმა ლიტერატურული პირველწყაროს "ქალთმოძულე კაცების" სახელი მიიღო, მაგრამ სრულიად განსხვავებული სათაურით ჩაეშვა გაქირავებაში და სწორედ "ტატუებიანი გოგონას" სახელით მოიპოვა პოპულარობა.