დროში მოგზაურის ცოლი , ამერიკელი მწერლის, არტისტისა და აკადემიკოსის ოდრი ნიფენეგერის სადებიუტო რომანია. წიგნის ორიგინალი 2003 წელს გამომცემლობა MacAdam/Cage -ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა. წიგნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა , რაც ავტორის ოჯახის მეგობარმა , მწერალმა სკოტ ტუროვმა NBC-ის The Today Show-ზე რეკომენდაცია გაუწია წიგნს , რომლის შემდეგაც 2009 წლის მარტის მდგომარეობით წიგნის დაახლოებით 2,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში.
წიგნს მიღებული აქვს Exclusive Books Boeke Prize და British Book-ის ჯილდოები.
წიგნი ჰენრისა და კლერის სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. კლერი პირველად 6 წლის ასაკში ხვდება იმ დროისთვის მასზე 30 წლით უფრო მამაკაცს , მის მომავალ მეუღლეს ჰენრის , რომელსაც გენეტიკური დაავადება აქვს , რაც მის დროში უკონტროლო გადაადგილებას იწვევს, რის გამოც ხშირად უწევს კლერთან ხანგრძლივად განშორება. შეხვედრები ძალზე ხანმოკლეა, კლერმა არ იცის, როდის და როგორ გამოჩნდება საყვარელი მამაკაცი. მისი მოსვლა ზოგჯერ კომიკურია, ზოგჯერ ხიფათიანი, ზოგჯერ კი - ტრაგიკული. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის, ყველა ასაკში ელის მას და იცის, რომ ჰენრი აუცილებლად მოვა.
ოდრი ნიფენეგერი ამერიკის შეერთებულ შტატებში , მიჩიგანის შტატის ქალაქ South Haven-ში დაიბადა , ის სწავლობდა ჩიკაგოს ხელოვნების სკოლაში. მოგვიანებით კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა , სადაც მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. 1987 წლიდან მისი ნახატები და კომიქსები გამოიფინებოდა ჩიკაგოს გალერეაში.
დროში მოგზაურის ცოლზე მუშაობის იდეა მწერალს ჯერ კიდევ 1997 წელს გაუჩნდა , თავდაპირველად მას უნდოდა გრაფიკული ნოველის სახით გამოეცა წიგნი დროში მოგზაურზე და მის ცოლზე , თუმცა მიხვდა , რომ დროში მოგზაურობის ეფექტის გადმოცემა გრაფიკული სახით რთული იქნებოდა და ოდრიმ გადაწყვიტა , რომ ის რომანის სახით გამოეცა.
2009 წელს გამოვიდა წიგნის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი, იმავე სახელწოდებით. ოდრი ნიფენეგერის ამ საინტერესო ბესტსელერის ეკრანიზაციის უფლება ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის კინოკომპანია Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყიდა, როცა რომანი მწერალს არც ჰქონდა დასრულებული. რეჟისორ რობერტ შვენტკეს ფილმი კი ეკრანებზე 6 წლის შემდეგ გამოჩნდა. მასზე შემქმნელები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 2010 წელს ფილმი რამდენიმე ჯილდოს მფლობელიც გახდა. კინოეკრანიზაციაში მთავარ როლებს ერიკ ბანა და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.