Alphabet Google შესაძლოა, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. ასეთ შეფასებას სააგენტო Reuters-ის ბრიუსელის ოფისი აკეთებს. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ორგანოები წლის ბოლომდე გამოძიების დაწყებას აპირებენ Google-ის იმ შემოსავლებზე, რომელსაც კომპანია ციფრული რეკლამიდან იღებს.
Reuters-ს წყარო უყვება, რომ ევროკავშირის მარეგულირებლები ყურადღებას გაამახვილებენ Google-ის დამოკიდებულებაზე რეკლამის განმთავსებლების, გამომცემლების, შუამავლებისა და კონკურენტების მიმართ და ეს იქნება გაცილებით სიღრმისეული გამოძიება, ვიდრე საფრანგეთის კონკურენციის სააგენტოს გამოძიება იყო, რომელიც გასულ კვირას დასრულდა.
ცნობისთვის, ბოლო ათწლეულში მარეგულირებლებმა ონლაინ-შოპინგში კონკურენტების დაბლოკვის, ანდროიდ-სმარტფონებისა და ინტერნეტ-რეკლამის გამო, Alphabet Google მთლიანობაში 8 მილიარდი ევროთი დააჯარიმეს.