CNN-ის ცნობით, კომპანია Alphabet-მა YouTube-ის ვიდეო სერვისზე განთავსებული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი პირველად გაასაჯაროვა. აქამდე გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშებში რეკლამიდან შემოსავალი 2 ნაწილად იყოფოდა - ერთი Google-ში რეკლამიდან და მეორე Google-ის ბიზნესის „სხვა“ სფეროებიდან, რომელშიც YouTube-ც შედიოდა.
Alphabet-ის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კი, YouTube-ზე რეკლამიდან შემოსავალმა 15 მილიარდ 149 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35.8% -ით მეტია, ვიდრე 2018 წელს და თითქმის ორჯერ მეტია - 2017 წელთან შედარებით.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში Alphabet-ის მთლიანი შემოსავალი - 18.3%-ით, ხოლო წმინდა მოგება - 11.7% -ით გაიზარდა.