პოპულარული ჰოლივუდელი ჯორჯ კლუნი, რომელიც ერთნაირად კარგად ასრულებს ნებისმიერ როლს - რომანტიკული მექალთანით და გულუბრყვილო ბრიყვით დაწყებული, გამოუსწორებელი კრიმინალით და ცინიკური ადვოკატით დასრულებული, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ არა მხოლოდ ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდებოდა, არამედ „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიებსაც დაიმსახურებდა, რადგან საოცრად არ უმართლებდა კარიერის დასაწყისში და მხოლოდ სერიალის „სასწრაფო დახმარების“ წყალობით შეძლო აღიარების მოპოვება.
ჯორჯ ტიმოტი კლუნი 1961 წლის 6 მაისს დაიბადა კენტუკის შტატის ქალაქ მეისვილში, ყოფილი მოდელის ნინა ბრიუსის და პოპულარული ტელეჟურნალისტის ნიკ კლუნის ოჯახში. მცირეწლოვანი ჯორჯი ხშირად სტუმრობდა მამას სამსახურში და სიამოვნებით მონაწილეობდა მის შოუში American Movie Classics, თუმცა არც თვითონ, არც მის მშობლებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ პუბლიკის წინაშე გამოსვლა და პერფორმანსების მოწყობა, მომავალში მის პროფესიად იქცეოდა.
მართალია, კლუნი ყოველთვის ნოსტალგიით იხსენებს კენტუკიში გატარებულ წლებს, მაგრამ ერთი შეხედვით უზრუნველი ბავშვობის მიუხედავად მეტად რთული პერიოდიც ჰქონდა, როცა მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ დაავადებას - სახის დამბლას ემსხვერპლა და პარალიზებული მარცხენა ნაწილის, მოხუჭული თვალის გამო თანატოლების დაცინვა და „ფრანკენშტეინის“ ზედმეტსახელი დაიმსახურა. თუმცა, მომავალმა ვარსკვლავმა წარმატებით დაძლია სირთულეები და მიხვდა, რომ ბევრად მარტივია ცხოვრება, თუ ყველაფერს იუმორით შეხედავ.
სკოლის დასრულების შემდეგ იურისტის პროფესიაზე მეოცნებე კლუნიმ ჯერ კენტუკის ჩრდილოეთ უნივერსიტეტში ჩააბარა, მერე ცინცინატის უმაღლეს სასწავლებელში გადავიდა, თუმცა ვერცერთი ვერ დაამთავრა, წარუმატებელი აღმოჩნდა მისი სპორტული კარიერაც, როცა 1977 წელს „ცინცინატი რედსის“ (Cincinnati Reds) შემადგენლობაში მოინდომა პროფესიონალური ბეისბოლის თამაში, თუმცა ვერ გაიარა შესარჩევი ტური. ხელმოცარულ სპორტსმენს სამუშაოს შოვნაც ძალიან გაუჭირდა და ერთწლიანი უთავბოლო ხეტიალის შემდეგ, ლოს-ანჯელესში გადაწყვიტა გადაბარგება, სადაც ისევ იმედგაცრუება ელოდა.
მართალია, ერთმანეთის მიყოლებით ჩაგდებული სინჯების შემდეგ კლუნის ძალიან გაუჭირდა და იძულებული გახდა ნებისმიერ სამუშაოს დათანხმებოდა, მაგრამ წარმატების იმედი მაინც არ დაკარგა. მსახიობს მხოლოდ 1994 წელს გაუმართლა, როცა რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ საკულტო სერიალის „სასწრაფო დახმარების“ მსახიობთა შემადგენლობაში მოხვდა.