ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლეონარდო დიკაპრიო, რომელმაც 30-წლიანი კარიერის მანძილზე რამდენიმე ათეული მთავარი როლი შეასრულა და პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული პრემია დაიმსახურა „ოსკარისა“ და ვერცხლის დათვის ჩათვლით, სინამდვილეში საკუთარ თავში საოცრად ჩაკეტილი ადამიანია და მაქსიმალურად გაურბის პრესასთან ურთიერთობას. წვეულებების სტუმრობის ნაცვლად კი, სიამოვნებით ატარებს დროს მეგობრებთან ერთად საკუთარ სახლში.
მშობლების წყალობით, რომლებიც პრაქტიკულად შვილის ნაცვლად მონაწილეობდნენ სინჯებში, პირველი როლი ლეონარდომ საკმაოდ ადრე - 2 წლის ასაკში მიიღო. მეტიც, ძალიან მორცხვ, თუმცა საოცრად მომხიბვლელ ბიჭუნას საკუთარი აგენტიც კი გამოუჩნდა, რომელმაც უკვე მოზარდ დიკაპრიოს 1990-იანი წლების ყველაზე პოპულარულ სერიალში „სანტა-ბარბარაშიც“ კი მოუძია ეპიზოდური როლი.
კიდევ ერთი ბიოგრაფიული დრამა მიითვალა დიკაპრიომ საკუთარ ანგარიშზე 1995 წელს, როცა ჯიმ კეროლის ამავე სახელწოდების მემუარების ეკრანიზაციაში შეასრულა ავტორის როლი და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა მისი კარიერის მანძილზე.
მართალია, ამერიკულ კინოს უამრავი პატარა ვარსკვლავი ჰყავდა, რომელთაც ასაკის მატებასთან ერთად ვერც კინოინდუსტრიის მკაცრ წესებსა და სასტიკ კონკურენციას გაუძლეს, ვერც ნაადრევი წარმატება და პოპულარობა შეინარჩუნეს, მაგრამ დანარჩენებისგან განსხვავებით ლეონარდომ არა უბრალოდ გაამდიდრა საკუთარი ფილმოგრაფია, არამედ იმდენად განსხვავებული სახეები შექმნა, რომ დღეს ყველა მის თაყვანისმცემელს საკუთარი დიკაპრიო ჰყავს.