მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12 მილიონ 100 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მილიონი ამერიკული დოლარია, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ლიდერობს რუსეთი - 7 მილიონ 585 ათასი ბოთლით, მას მოსდევს უკრაინა - მილიონ 314 ათას 750 ბოთლით, მე-3 ადგილზეა - პოლონეთი - მილიონ 110 ათას 384 ბოთლით, მე-4 და მე-5 პოზიციებზეა - ჩინეთი და ყაზახეთი, შესაბამისად, 562 ათას 664 274 ათას 68 ბოთლით.
წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა. საანგარიშო პერიოდში 8 მილიონ 700 ათასი დოლარის ღირებულების 4 მილიონ 250 ათასი ბოთლი ბრენდი და 272 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 102 ათასი ბოთლი ჭაჭაა ექსპორტირებული.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 46 მილიონ 800 ათასი დოლარი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.