,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 597 ათას 506 მგზავრს მოემსახურა, რაც 4% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 2020 იანვარ-თებერვალში საქართველოს ყველა აეროპორტში 2 ათას 923 რეისი განხორციელდა, რაც 11%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარ-თებერვალში 399 ათას 557 მგზავრს მოემსახურა. რაც 19%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა, ასევე, ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა. თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი თვის ჭრილში ბათუმის აეროპორტი 40 ათას 251 მგზავრს მოემსახურა, რაც 33 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი 51%-ით გაიზარდა და 156 ათას 285 მგზავრი შეადგინა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, იანვარ-თებერვალში ჯამურად ათას 413 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 58 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.