საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2020 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანამ დაახლოებით 32 მლნ კვტ.სთ-ით მეტი ელექტროენერგია იყიდა. ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, ბოლო 6 წლის განმავლობაში მისი გამომუშავების ზრდას აჭარბებს. ეს კი თავისთავად განაპირობებს იმას,რომ იზრდება ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე. საქართველო ელექტროენერგიას ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს. 2020 წლის იანვარში საქართველოში 214.260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2019 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 181.6 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენდა.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, აქ ზრდამ 2 700%-ს გადააჭარბა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 136.806 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, მაშინ, როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 4.852 მლნ კვტ.სთ იყო. ხოლო აზერბაიჯანიდან 2019 წლის იანვარში - 176.821 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. 2020 წლის იანვარში კი - 77.455 მლნ კვტ.სთ შეადგინა.