იაპონიაში კარანტინში მყოფი საკრუიზო ლაინერის, Diamond Princess-ის ორი მგზავრი კორონავირუსით დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. მათი თქმით, ორივე გარდაცვლილი - 87 წლის მამაკაცი და 84 წლის ქალი იაპონიის მოქალაქეები იყვნენ. ისინი გემიდან საავადმყოფოში 11 და 12 თებერვალს გადაიყვანეს.
იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, გემზე კორონავირუსის კიდევ 79 შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 620-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს Diamond Princess-ი 600-მდე მგზავრმა უნდა დატოვოს. გემიდან მგზავრთა პირველი ნაკადის გაშვება გუშინ განხორციელდა. ისინი საკუთარ ქვეყნებში კარანტინს გაივლიან. შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი იოკოჰამას პორტში კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.