2022 წლის 29 იანვრიდან 25 თებერვლამდე, ტოკიო ქართული კინოს ფესტივალს უმასპინძლებს, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ერთი თვის განმავლობაში, მაყურებელი 30 ქართულ ფილმს იხილავს. პროგრამაშია როგორც კლასიკური, ისე - თანამედროვე ფილმები. ამ საკითხზე სასაუბროდ, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა იაპონიის საელჩოს წარმომადგენელს, იასუჰირო კოჯიმას უმასპინძლა.
ქართული კინოს ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფესტივალის კურატორი ბატონი ტაკეჰიდე ჰარადაა, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია და წიგნიც აქვს დაწერილი ქართულ კინემატოგრაფზე. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტოკიოს ერთ-ერთ საუკეთესო კინოთეატრს - ივანამი-ჰოლს, სადაც არაერთხელ მოწყობილა ქართული ფილმების რეტროსპექტივა. ჰარადა რამდენჯერმე სტუმრობდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ქართული ფილმების შერჩევის მიზნით.
კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და იასუჰირო კოჯიმამ განიხილეს ფესტივალის გამეორების შესაძლებლობა იაპონიის სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. ქალაქებმა კიოტომ, ოსაკამ, იოკოჰამამ და ტაკასაკიმ უკვე გამოთქვეს რეტროსპექტივის მასპინძლობის სურვილი.