მაისში რუსმა მეღვინეებმა ცქრიალა და შამპანური ღვინოების წარმოება, 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, 39,3%-ით, 824 ათას დეკალიტრამდე გაზარდეს. „როსალკოგოლრეგულიროვანიეს“ და „როსსტატის“ მონაცემებს РБК ავრცელებს.
ცქრიალა ღვინოები მოიცავს ყველა ღვინოს, რომელიც ბუნებრივი დუღილის შედეგად ნახშირორჟანგით არის გაჯერებული, თუმცა ევროკავშირის ნორმების თანახმად, მხოლოდ ზოგიერთ ცქრიალა ღვინოს შეიძლება, ეწოდოს „შამპანური,“ რომელიც მხოლოდ საფრანგეთის პროვინცია შამპანში, ყურძნის გარკვეული ჯიშებიდან, „შამპენუას" მეთოდით მზადდება.
რუსეთში წარმოება თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება. მთლიანობაში მიმდინარე წლის ხუთ თვეში შამპანურისა და ცქრიალა ღვინის წარმოება რუსეთში, თითქმის, 25%-ით გაიზარდა და 3,9 მილიონ დეკალიტრამდე შეადგინა.
შიდა წარმოება ევროპიდან ცქრიალა ღვინოების იმპორტის შემცირების ფონზე იზრდება. ევროსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში მსგავსი ღვინის მიწოდება ფიზიკურად 45%-ით, 6,8 ათას ტონამდე, ხოლო ღირებულებით, თითქმის, 44%-ით, 26,4 მლნ ევრომდე შემცირდა. მაისის მონაცემები ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.