ინდონეზიაში მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. კუნძულებზე სუმატრასა და ბორნეოზე სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა. ადგილობრივები წვიმას ნატრობენ, რათა ხანძრის ლოკალიზება მალე მოხერხდეს. სტიქიას კუნძულებზე უკვე ერთ თვეზე მეტია ებრძვიან. მთავრობამ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 9000 სამხედროს, პოლიციელის და კატასტროფებთან ბრძოლის სააგენტოს პერსონალი ჩართო.
ხანგრძლივი ხანძრების გამო ინდონეზიის ცალკეულ რაიონებში ჰაერის ხარისხიც გაუარესდა. ჰაერში გავრცელებული კვამლის გამო, კუნძულ სუმატრაზე რიაუს პროვინციაში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესიც შეწყდა. მოსახლეობას ქუჩებში დამცავი ნიღბებით გადაადგილებისკენ მოუწოდებენ.