ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ბრძანება გასცა მთავრობამ იმ სადავო კანონპროექტის რატიფიცირება გადადოს, რომელიც ქორწინებამდე თანაცხოვრების დასჯას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გააკეთა.
მოსახლეობა პრეზიდენტს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის დაბლოკვისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან ახალი რეგულაციის მიხედვით, ქორწინებამდე თანაცხოვრება 6 თვემდე პატიმრობით დასჯას ითვალისწინებდა. 24 საათში 300 000 ზე მეტმა ადამიანმა პეტიციას მოაწერა ხელი, რომელიც პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს კანონის დაბლოკვისკენ მოუწოდებდა.
კანონპროეტქი ინდონეზიაში მყოფ ყველა ადამიანს ეხება, მათ შორის უცხოელებსაც. თუმცა, უცნობია კონკრეტულად როგორ უნდა აღსრულდეს აღნიშნული კანონი ტურისტულ ზონებში. ახალი კრიმინალური კოდექსი სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს, მათ შორის ქალებისთვის აბორტის აკრძალვას და პრეზიდენტის შეურაცხყოფის შემთხვევაში 3,5 წელიწადით თავისუფლების აღკვეთას.