ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო პირველი პირი გახდა ქვეყანაში, რომელმაც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში იანვრის განმავლობაში 6 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. ინდონეზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დღეს დაიწყო.
ქვეყანამ ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ისგან ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. მათ ასევე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული AstraZeneca-სა და Novavax-თან ვაქცინების 100 მილიონი დოზის შეძენასთან დაკავშირებით.
ინდონეზიის სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა ორგანომ Sinovac-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენების მიზნით ორშაბათს დაამტკიცა.
ცნობისათვის, ინდონეზიაში კორონავირუსის 846 765 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 24 645 ადამიანი ემსხვერპლა.