ენტონი მინგელას დრამა „ინგლისელი პაციენტი“ უნგრელი გრაფისა და ინგლისელი არისტოკრატის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და აფრიკული პეიზაჟების ფონზე ვითარდება. ბრწყინვალე რეჟისორის და არაჩვეულებრივი მსახიობების წყალობით ევროპული ესთეტიკით დადგმულმა ამერიკულმა ფილმმა არა მხოლოდ კრიტიკოსების, არამედ მაყურბლის მოწონებაც დაიმსახურა.
ფილმი მაიკლ ონდატჟეს ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე შეიქმნა, რომელმაც 1992 წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა, 2018-ში კი, არა მხოლოდ „ოქროს ბუკერის“ ლაურეატი გახდა, არამედ საუკეთესოდაც დასახელდა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელ რომანებს შორის. მართალია, მსოფლიო აღიარება კანადელმა მწერალმა საკუთარი პროზის, პირველ რიგში სწორედ „ინგლისელი პაციენტის“ წყალობით მოიპოვა, მაგრამ მეტწილად მაინც პოეზიით და სარედაქციო საქმითაა გატაცებული. 13 კრებულის პატრონი ონდატჟე დღესაც აქტიურად მუშაობს ლირიულ ლექსებზე, პოემებზე და მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობს ლიტერატურულ ჟურნალს Brick-ს, რომელიც ე.წ. აღსარებით დოკუმენტურ ლიტერატურაზე სპეციალიზირდება, თუმცა აღიარებს, რომ სწორედ „ინგლისელი პაციენტი“ აღმოჩნდა გარდამტეხი, რომელიც თვითონაც ძალიან უყვარს.
საყვარელი რომანი ონდატჟემ უნგრელი გრაფის ლასლო ალმაშის ისტორიას მიუძღვნა, რომელიც ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების დავალებით მოგზაურობს, ბრიტანელ კარტოგრაფებთან ერთად ცდილობს საჰარის რუქის შედგენას და სწორედ ერთ-ერთი კოლეგის ცოლთან აბამს რომანს, თუმცა, მეორე მსოფლიო ომი ყველას ცხოვრებას ქაოსად აქცევს. დრამატურგიულად ფილმი ორ ნაწილად იყოფა, მოქმედება ომამდელ აფრიკასა და ომის შემდგომ იტალიურ პროვინციაში ვითარდება, სადაც მედდა ავიაკატასტროფის შედეგად ერთიანად დამწვარ, მეხსიერებადაკარგულ პაციენტს უვლის, რომლის ნამდვილი სახელი არავინ იცის. მინგელამ უარი თქვა ისტორიის სტანდარტულ თხრობაზე და მაყურებელს ე.წ. ფლეშბეკებით, თავად გრაფ ალმაშთან ერთად შესთავაზა მოზაიკის ნატეხების შეგროვება და სრული სურათის აღდგენა.