ირანში წყლის დეფიციტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს კიდევ ორი ადამიანი, ერთი სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე, დაიღუპა, - ინფორმაციას Associated Press-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, პოლიციელი ქალაქ მაჰშარში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამასთან, სახელმწიფო ტელევიზიამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ იზეჰში, საპროტესტო აქციების დროს შექმნილი არეულობისას ერთი მოქალაქე მოკლეს, 14 პოლიციელი კი - დაშავდა.
წყლის დეფიციტის გამო ირანის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე თვის დასაწყისში საპროტესტო აქციები დაიწყო.
ხელისუფლება შექმნილ პრობლემებს ნალექის შემცირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ბევრი ჰიდროელექტროსადგური არ მუშაობს, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ვინაიდან ზაფხულის სიცხესთან გამკლავებას მოსახლეობა კონდიციონერების გამოყენებით ცდილობს.