მაიკლ ჩიმინოს დრამამ „ირმებზე მონადირემ“, რომლის პრემიერა 1978 წლის დეკემბერში ვიეტნამის ომის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ შედგა, ფართო აღიარება მოიპოვა და არა მხოლოდ ამერიკული, არამედ მსოფლიო კინოს შედევრად იქცა. თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი ფილმების მსგავსად მისი შექმნაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან გადაღებები წინასწარი გეგმის გარეშე, საკმაოდ მძიმე პირობებში წარიმართა. თუმცა, შემოქმედებითმა ჯგუფმა ყველა სირთულე დაივიწყა, როცა "ირმებზე მონადირე" „ოსკარის“ 5 პრემიით დაჯილდოვდა, შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის ფილმების ნაციონალურ რეესტრში შევიდა და მე-20 საუკუნის უდიდეს ფილმად დასახელდა.