ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი და შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა. წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა.ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.