საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, ის ყველა შეხვედრაზე აყენებდა საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად დაკანონებულიყო.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.