მართალია, პიტერ ბენჩლის რომანის "ყბების" მთავარი გმირი – დიდი თეთრი ზვიგენი, რომელსაც ავსტრალიელები "თეთრ სიკვდილს" უწოდებენ, სტივენ სპილბერგმა ნამდვილ კაციჭამია მონსტრად აქცია საკუთარ ფილმში, მაგრამ სინამდვილეში ზღვის ბინადარი, არც ისე სასტიკი და აგრესიულია, როგორც მას ფილმებსა და რომანებში ახასიათებენ.
ქაშაყისებრთა ოჯახის და ხრტილოვანი თევზების კლასის წარმომადგენელი დიდი თეთრი ზვიგენი ადვილად ეგუება ნებისმიერ გარემოს და ყველგან კომფორტულად გრძნობს თავს. მტაცებელი მეტწილად კალიფორნიისა და მექსიკის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის, მავრიკიის და მადაგასკარის სანაპირო ზოლში ცხოვრობს, თუმცა შედარებით მცირერიცხოვანი პოპულაციის მოძიება ევროპის ქვეყნების, მათ შორის იტალიისა და ხორვატიის აკვატორიაშიც შეიძლება.
ზრდასრული ზვიგენის სიგრძე საშუალოდ 6-7 მეტრს, წონა კი 1 800-2 000 კილოგრამს შეადგენს. ცხოველის ნაცრისფრად შეფერილი ზურგი კონტრასტს ქმნის თეთრ მუცელთან და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. ზვიგენის კონუსის ფორმის თავს წყვილი თვალი და ნესტოები ამშვენებს, ნაოჭები მათ გარშემო კი, დინების სიჩქარეს აძლიერებს და მტაცებლის ყნოსვას აუმჯობესებს.
წყლის ურჩხულს უზარმაზარი ხახა და 3 რიგად ჩამწკრივებულ კბილები აქვს, რომელთაც მართალია, სისტემატურად იცვლის, მაგრამ სულ მცირე 300 კბილს სტაბილურად ინარჩუნებს. პატარა თვალების მიუხედავად, ზვიგენს ბრწყინვალე მხედველობა აქვს, არაჩვეულებრივად ხედავს სიბნელეში და ყოველთვის წარმატებით პოულობს ნადავლს, ფერდის ზოლის წყალობით კი, შორ დისტანციაზეც უშეცდომოდ განსაზღვრავს დინებას და ზღვის ღელვას.
კარგად გამართული სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის სწრაფად გახურებას უზრუნველყოფს, ერთი შეხედვით ტლანქ და მოუხერხებელ ზვიგენს მობილურობას მატებს და სისწრაფის განვითარებაში ეხმარება. თუმცა, ე.წ. "საცურაო ბუშტს" მოკლებული ცხოველი, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია ტივტივი, ფსკერზე ჩაძირვის თავიდან ასაცილებლად იძულებულია მუდმივად იცუროს.