სახალხო დამცველის განცხადებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით მან ომბუდსმენისგან მოისმინა სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად აღელდა, რომ დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება სჭირდება.
მინისტრმა ზოგადად სტატისტიკაზე ისაუბრა, მისი ინფორმაციით 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144. მინისტრის თქმით გარდაცვლილი პატიმრების დაბალი მაჩვენებელი პენიტენციური სისტემის თანამშრომლების 24 საათიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც ასევე მოხსენებით წარდგა, ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.
წულუკიანმა ლომჯარიას მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას პენიტენციური ქვია და არა პენიტენციალური.