იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად სებ-ის სათავო ოფისი მდებარეობს, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
"ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა შესაძლებელია მოხდეს ოფისის რეალიზაცია ან მთავრობისთვის გადაცემა", - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
როგორც სებ-ში განმარტავენ, პროექტის განხორციელებას, სავარაუდოდ, 3-4 წელი დასჭირდება და მშენებლობის ძირითადი ნაწილი, შესაძლებელია, არსებული საოფისე ფართის რეალიზაციით დაიფაროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.