საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი აკვაკულტურის შესახებ. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება.
პროექტის ავტორების აზრით, კანონპროექტის ძალაში შესვლა მიზანშეწონილია 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. მანამდე კი კანონის ძალაში შესვლისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაა გათვალისწინებული. ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული საქმიანობისთვის, 2024 წლიდან სანებართვო მოსაკრებლის დადგენა იგეგმება, რომელიც 200 ლარი იქნება.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკვაკულტურის რეგულირების წესების დარღვევისთვის სანქციებიც დაწესდება. ჯარიმის ოდენობა 500-დან 2 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.
კერძოდ, ფულადი სანქცია-ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის 2 ათასი ლარი, აკვაკულტურის ნებართვის პირობების დარღვევისთვის ათასი ლარი, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნებისა და აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის კი - 500 ლარი იქნება.
ცნობისთვის, კანონპროექტით აკვაკულტურა განისაზღვრება, როგორც წყლის ორგანიზმების - თევზის, მოლუსკების, კიბოსნაირებისა და წყლის მცენარეების მოშენება/კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება.