აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე გაზრდის.
ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმანდე, 15 000-მდე შეამცირა. განცხადებაში წერია, რომ ეს „არ ასახავდა ამერიკის, როგორც ერის ღირებულებებს, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს ლტოლვილებს". ბაიდენის განმარტებით, საეჭვოა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე, 62 500 ლტოლვილის მიღება შეძლოს.
ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის „დემოკრატმა“ კანონმდებლებმა და უფლებადამცველებმა, როდესაც 2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 2021 ფისკალური წლის განმავლობაში მისაღები ლტოლვილების ლიმიტი 15 000 უნდა ყოფილიყო, მაშინ, როცა მიმდინარე წლის თებერვალში ბაიდენმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა, შეცვლიდა და ზღვარს 62 500-მდე გაზრდიდა.