აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამები გაუმჯობესდება, რის შედეგადაც ზაფხულის ბოლომდე ან შემოდგომის დასაწყისისთვის 300 მილიონი მოქალაქე იქნება აცრილი. მისი თქმით, შეერთებული შტატები კომპანიებისგან Pfizer-სა და Moderna-სგან დამატებით ვაქცინის 200 მილიონ დოზას შეიძენს.
„ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 300 მილიონი ამერიკელი ზაფხულის დასასრულისთვის, შემოდგომის დასაწყისისთვის სრულად აიცრას,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინების 41 მილიონზე მეტი დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 24 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია.