ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ვიზის გაუქმების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
“მე ვგრძნობ ამას და ეს ძალიან დასაფასებელია,” – წერს ჯოკოვიჩი “ინსტაგრამ” გვერდზე.
სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
შეგახსენებთ, მამაკაცთა შორის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, 34 წლის სერბმა ვერ წარმოადგინა იმის დამაჯერებელი საბუთები, თუ რატომ ამბობს უარს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო კომისიამ გამონაკლისი დაუშვა და მას ნება დართო, არ გაიკეთოს ვაქცინა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა 5 იანვარს თქვა, რომ ჯოკოვიჩი „უახლოესი რეისით გაფრინდება შინ“, თუკი აღმოჩნდება, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის თაობაზე წესებში მისთვის გაკეთებული გამონაკლისი არასაკმარისი აღმოჩნდება.
ჯოკოვიჩმა, რომელიც სარეკორდო 21-ე „გრენდ სლემის“ ტურნირში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში, ადრე მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ამასთან მას არასოდეს გამოუქვეყნებია თავისი ვაქცინაციის სტატუსი.
ავსტრალიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმკაცრესი ამკრძალავი ზომების შემდეგ პირველად აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევათა მომრავლება.
ავსტრალიის ზრდასრული მოსახლეობის 90 პროცენტი ვაქცინირებულია, მაგრამ მოქმედი წესების გამო ბევრ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია შტატებს შორის ან უცხოეთში მოგზაურობა.
ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 17 იანვარს იხსნება მელბურნში.