ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში“ 1995 წელს დადგმული „ჯუმანჯის“ ერთგვარი სიქველია, რომელზე მუშაობის დაწყება რეჟისორმა ჯეიკ კაზდანმა 2016 დააანონსა და ორიგინალური ვერსიის ფანების გულისწყრომაც დაიმსახურა, რადგან ჯო ჯონსტონის ოჯახური სათავგადასავლო ფილმის თაყვანისმცემელებს, რომელთაც საკუთარი კლუბიც კი აღმოაჩნდათ, ნაკლებად გამართლებულად მოეჩვენათ ორიგინალის განახლება.
მართალია, ვერავინ იტყვის, რომ 1990-იანი წლების ვერსია იყო იდეალური, რადგან გასული საუკუნის სპეცეფექტები დღეს არქაულად, გმირები გულუბრყვილოდ, მორალი კი - ზედმეტად პრომიტიულად აღიქმება, მაგრამ ფანების უმეტესობისთვის ფილმი დასრულებულ ისტორიას წარმოაგენდა და ზუსტად ერგებოდა იმ ეპოქის მოზარდებს, რადგან თანამედროვე ახალგაზრდობა ბევრად განსხვავებული ისტორიებით ინტერესდება. თუმცა, ფილმის ავტორებმა სწორედ თანამედროვე პუბლიკის მოთხოვნილებების და 21-ე საუკუნის კინოსთვის აქტუალური ტენდენციების გათვალისწინებით შექმნეს საკუთარი ნამუშევარი, რომელიც არა ორიგინალის გაგრძელებად, არამედ დამოუკიდებელ კინონაწარმოებად წარმოადგინეს, მის მთავარ ღირსებად კი, სპეცეფექტები და ვიზუალური მხარე აქციეს.
"ჯუმანჯის" ახალი ვერსიის სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ ძველის მსგავსად ახალ ფილმშიც რობინ უილიამსი შეასრულებდა წამყვან როლს, თუმცა 2014 წელს მსახიობის გარდაცვალებამ სცენარისტებს კონცეფციის სრულად შეცვლა აიძულა.