"საუკეთესო წინადადება" (The Best Offer, 2013, ჯუზეპე ტორნატორე) - მართალია, ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში, მაგრამ მათი აზრი ორად გაიყო ფილმის არსის და მნიშვნელობის შეფასებისას, რადგან ნაწილმა ტორნატორე ალფრედ ჰიჩკოკის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებლად მიიჩნია, ნაწილისთვის კი, მისი ნამუშევარი ერთგვარ მსჯელობად იქცა ხელოვნებასა და მისი გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაზე.
გარკვეულწილად ორივე შეფასება მართებულია, რადგან იტალიელი რეჟისორის ფილმში მართლაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელოვნების იმ უკვდავ შედევრებს, რომლებიც ავსებენ და ამდიდრებენ ადამიანის ყოველდღიურ ყოფას, თუმცა თხრობის მანერისა და მთავარი პერსონაჟის - შეძლებული, მაგრამ ძალიან მარტოსული ასაკოვანი აუქციონერის ვერჯილ ოლდმენის ისტორიის წყალობით ტორნატორეს ნამუშევარი ჰიჩკოკის საუკეთესო ტრილერებსა და მის პერსონაჟებთანაც ასოცირდება.