თბილისის მერი, კახა კალაძე მძღოლებს ურჩევს, ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ე.წ. სტაიანშიკებს მძღოლებისთვის პრობლემების შექმნის უფლება არ აქვთ. ამასთან თბილისი მერის თქმით, მათი მხრიდან მძღოლებისთვის კონკრეტული თანხის მოთხოვნა დანაშაულია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ცნობისთვის, დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ "ე.წ. სტაიანშჩიკების ქუჩაში დგომა უკანონო საქმიანობაა და შესაძლოა, აიკრძალოს".
მძღოლების ნაწილი კი ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და თბილისის მერიას და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. არაერთი მძღოლი ამბობს რომ, ე.წ. სტაიანშჩიკები ავტომანქანის პარკირებისას "სერიოზულ პრობლემებს უქმნიან". კერძოდ, მათი ინფორმაციით, ისინი მძღოლებისგან "20 თეთრს არ კმაყოფილდებიან და მათგან გაცილებით მეტ თანხას ითხოვენ, რაც ხშირად კონფლიქტური სიტუაციის მიზეზი ხდება".