თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას აკისრებს პასუხისმგებლობას ტაქსის იმ მძღოლების გამოვლენაზე, რომლებიც მოქალაქეებს ტაქსით მომსახურების არალეგალურ სერვისს სთავაზობენ.
როგორც კალაძე მოქალაქეების ნაწილის პრეტენზიასთან დაკავშირებით აცხადებს, კანონდამრღვევი მძღოლების გამოვლენა და დაჯარიმება სწორედ საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა.
მოქალაქეთა ნაწილის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ ქალაქში ტაქსით მომსახურების არალეგალური სერვისი გაჩნდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მძღოლები, რომლებიც თეთრი ავტომანქანებით არ გადაადგილდებიან და არც ტაქსის მანათობელი ნიშნები აქვთ, ტაქსის სერვისით მომსახურებას სთავაზობენ.
ამასთან, თბილისის მერი კანონდამრღვევი მძღოლების გამოსავლენად, ხალხმრავალ ადგილებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებას ვერ ხედავს.