ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.
ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჯანაშიამ დაინახა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურისადმი და ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლებას სწორედ ამიტომ ითხოვს. ადვოკატის მტკიცებით ჯანაშიამ სასჯელის შემსუბუქების მიზნით მისცა კალანდიას მამხილებელი ჩვენება, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის ვადა 4 წლამდე შეუმცირდა.
ზურაბ თოდუას ინფორმაციით, ჯანაშიას ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ კოზირი უჭირავს და ეუბნება, რომ თუ ახლა უდოთი არ გაუშვებენ, ადგება და იტყვის იმ ჩინოსნებს, ვინც ამ ჩვენების მისაცემად დაიყოლიეს.