ქარული კომპანია GlenBerries-ი, რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა East fruit-თან საუბრისას განაცხადა, შტატებთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულების თანახმად, გაყინული კენკრა და ბოსტნეული სუპერმარკეტებში გაიყიდება. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საუბარია მოცვზე, მარწყვზე, ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლზე.
GlenBerries-ის საწარმო, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, 2018 წლის ივნისში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის რაიონში გაიხსნა. ამჟამად კომპანია წელიწადში დაახლოებით, ათას 200 ტონა პროდუქტს ინახავს, დღეში კი საშუალოდ, 10 ტონამდე ხილსა და ბოსტნეულს ყინავს.