შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. როგორც პალიტრანიუსს შსს-ში განუცხადეს, წესრიგს პოლიცია დაიცავს, რომელიც კანონის ფარგლებში იმოქმედებს. "პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები", - განაცხადეს უწყებაში. "ქართველთა მარში" დღეს აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება.
თბილისში დაგეგმილი "ქართველთა მარშის" პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი მტერი სწორედ საოკუპაციო ხაზთან დგას და არა საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან. "14 ივლისს, 20:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან!" - აცხადებენ ორგანიზატორები. აქციაში მონაწილეობის მსურველები გორში უკვე იკრიბებიან.