ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პრესკონფერეცია ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას, დაკავებაში მონაწილე მაიორ გიორგი დვალიშვილთან ერთად გამართა. დეკანოიძის თქმით გიორგი დვალიშვილმა ამხილა სისტემა, და პრაქტიკულად მარტო დარჩა მთელს სახელმწიფო აპარატთან. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი დიპლომატიური კორპუსისთვის და სახალხო დამცველის აპარატისთვის აპირებენ მიმართვას. მისივე ინფორმაციით დვალიშვილის ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი. თავად გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან. 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.