საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ მომხდარი ფაქტი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა ნამდვილად მზადდება. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მოქმედ ხელისუფლებას მშვიდობიანად წასვლა არ სურს, რის გამოც ცდილობს, სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს და არჩევნები გააყალბოს.
ცნობისთვის, მარნეულში, გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.