ხორავას ქუჩის საქმეზე, სააპელაციო სასამართლო განაჩენს 3 ივნისს გამოაცხადებს. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი. განაჩენის გამოცხადებას დღეს ელოდებოდნენ. სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და ოჯახის წევრები. როგორც ჟურნალისტებს მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კერძოდ, მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პირდაპირ მოუწოდა პროკურატურას, რომ მას საქმე გამოძიებული არ ჰქონდა და ისინი ელოდებიან იმას, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის განაჩენს გაიზიარებს და იტყვის, რომ პროკურატურას ეს საქმე გამოძიებული არ აქვს.